2024 წლის 17-21 ივლისს ქალაქი ბათუმი, ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს. საქართველომ ქვიშის ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციისგან აღნიშნული დივიზიონის მასპინძლობის უფლება ხუთი წლით მოიპოვა. ბულვარის ტერიტორიაზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, ტურნირის მასპინძელი სტადიონის მშენებლობა დასრულდა. სამშენებლო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აწარმოებდა. ტრიბუნები 1300 მაყურებელზე არის გათვლილი, თავად არენა კი ქვიშის ფეხბურთში არსებულ თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის B დივიზიონი არის რანგით მეორე ყველაზე მაღალი ევროპული ტურნირი და მასში მონაწილოებას მიიღებს 3 ქვეყნის ეროვნული ნაკრები გუნდი: საქართველო, ლატვია, უნგრეთი. ხოლო მსოფლიო სარეიტინგო ტურში (ევროპა, აზია), რომელიც პარალელურად ჩატარდება მონაწილოებას მიიღებს 4 ქვეყნის ეროვნული ნაკრები გუნდი: უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ლიბანი, საუდის არაბეთი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, აჭარის ფეხბურთის ფედერაცია და აჭარის ფუტზალის და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ქვიშის ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რათა საქართველო და კერძოდ კი ქალაქი ბათუმი გამხადარიყო ამ მნიშვნელოვანი ტურნირის მასპინძელი. ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის B დივიზიონის მასპინძელი ქვეყანა იძენს მნიშვნელოვან ევროპულ სპორტულ/ტურისტულ სტატუსს (მონაწილე გუნდების და მათი გულშემატკივრების ვიზიტი, ქვიშის ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობითი ვიზიტები, უმაღალი ხარისხის პირდაპირი ტრანსლირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში).
ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის B დივიზიონს მხარს უჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის სპორტული ცენტრი, კოკა-კოლა და საქართველოს ბანკი.